ოთხწლიანი ნორვეგიული საგანმანათლებლო პროექტი დასასრულს მიუახლოვდა

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის ტურიზმის მიმართულება 4 წელია ახორციელებს ნორვეგიის სამხრეთ-აღმოსავლეთის უნივერსიტეტის (USN)საგრანტო საგანმანათლებლო პროექტს „მდგრადი ტურიზმი: მეწარმეობა სოფლად და მემკვიდრეობა. თანამშრომლობა საგანმანათლებლო სფეროში ყირგიზეთს, საქართველოსა და ნორვეგიას შორის“ (დაფინანსებულია ნორვეგიის მთავრობის მიერ). პროექტის განხორციელებაში იყო ჩართული შვიდი პარტნიორი უნივერსიტეტი - 3 უნივერსიტეტი საქართველოდან, სამი - ყირგიზეთიდან და USN.

პროექტი დასასრულს მიუახლოვდა და ნორვეგიაში/ USN-ში მიმდინარე წლის 22 -28 სექტემბერს გაიმართა დასკვნითი ერთკვირიანი სემინარი ყველა პარტნიორი უნივერსიტეტის წარმომადგენლის მონაწილეობით. დასკვნით სემინარზე აწსუ-დან მოწვეული იყო ასოც. პროფესორი იზოლდა ხასაია, ახალგაზრდა მეცნიერი, მასწავლებელი- მაია დიაკონიძე, დოქტორანტი - დავით კილაძე, სტუდენტი - იგორ ქორიძე.
პროექტის მნიშვნელობაზე აწსუ-თვის,გამოწვევებზე და მომავალი თანამშრომლობის ხედვებზე პრეზენტაცია გააკეთა ასოც. პროფესორმა იზოლდა ხასაიამ. ახალგაზრდა მეცნიერებმა და სტუდენტებმა ძალიან საინტერესოდ წარმოადგინეს მათი კვლევის შედეგები (ამისთვის მათ ჩაუტარდათ სპეციალურად ტრენინგი ეფექტური პრეზენტაციის ჩატარების შესახებ Pecha Kucha -ს მეთოდით).
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პროექტში მონაწილეებისთვის, ეს იყო ნაყოფიერი მუშაობის 4 წელი. სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობამ, ზაფხულის სკოლებმა, სემინარებმა, ჩატარებულმა კვლევებმა და სხვა აქტივობებმა ხელი შეუწყო პარტნიორ უნივერსიტეტებში და მათ შორის აწსუ-ში სწავლის ხარისხის გაუმჯობესებასა და კვლევითი უნარების ჩამოყალიბებას, კონტაქტების დამყარებასა და ინტერნაციონალიზაციას, მცირე ბიზნესთან/კერძო სექტორთან კავშირების გაძლიერებასა და რეგიონულ დონეზე თანამშრომლობის გაღრმავებას.
აწსუ-სტურიზმის მიმართულების სტუდენტებმა და მასწავლებლებმა მიიღეს გამოცდილება ინტერნაციონალურ გარემოში მუშაობის, გაიღრმავეს ცოდნა მდგრად ტურიზმში, შეიძინეს სოფლად ტურიზმში კვლევების ჩატარების უნარები და სხვა.
სულ 14 -ი სტუდენტი იყო მობილობით ნორვეგიასა და ყირგიზეთში: გრძელვადიანი მობილობით -3 სტუდენტი USN-ში, მოკლევადიანი მობილობით (1 თვიანი მობილობით კვლევების ჩასატარებლად ნორვეგიასა და ყირგიზეთში) - 4 მაგისტრანტი და 1 დოქტორანტი, ინტერდისციპლინარული ზაფხულის სკოლებში მონაწილეობა (ნორვეგია, საქართველო და ყირგიზეთში)- 6 სტუდენტი.
ტურიზმის მიმართულების 5 მასწავლებელი იყო მოკლევადიანი მობილობით ნორვეგიასა და ყირგიზეთში ( ასოც. პროფესორები იზოლდა ხასაია და ელისო გველესიანი - ზაფხულის სკოლის ლექტორი, ნანა შარაბიძე და მაია დიაკონიძე -ჩრდილო-ატლანტიკური ფორუმის მონაწილე, გურამ კოპალიანი - დეპარტამენტის სპეციალისტი - ელექტრონული სწავლების სემინარის მონაწილე).
ზაფხულის სკოლის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ მცირე ბიზნესის წარმომადგენლებიც, რაც ხელს უწყობდა კავშირების დამყარებას, სტუდენტებისთვის ახალი პრაქტიკის ობიექტის გამოჩენას.
პროექტის ფარგლებში იყო ორგანიზებული ონლაინ კურსი „ინგლისური აკადემიური წერა და პუბლიკაციები“, რომელშიც აწსუ-ს 9 მაწავლებელმა და 6 სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო ორი მათგანი- ასოც.პროფესორი ნინო ნიჟარაძე და დოქტორანტი დიანა ნემსიწვერიძე იყო მოწვეული ნორვეგიაში/ USN-ში პროექტის დასკვნით სემინარზე.
პროექტის ფარგლებში შეძენილი იქნა ტურისტული ინვენტარი, კომპიუტერული ტექნიკა და წიგნები, რომლებიც გამოყენებული იქნება უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით შექმნილ ტურიზმის ლაბორატორიისთვის.
აგრარული ფაკულტეტი მადლობას უხდის USN, პროექტის გუნდს და პარტნიორ უნივერსიტეტებს ნაყოფიერი მუშაობისა და თანამშრომლობისთვის, ასევე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ნორვეგიულ პროექტთან დაკავშირებული აქტივობების მხარდაჭერისა და ორგანიზებისთვის.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.