აწსუ სტუდენტთა გაცვლითი პროექტი ერდოღანის უნივერსიტეტში

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და რეჯეფ ტაიფ ერდოღანის უნივერსიტეტს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში სტუდენტთა გაცვლითი პროექტი საინტერესოდ და ნაყოფიერად წარიმართა.

აწსუ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად ორი კვირის განმავლობაში გაიარეს პრაქტიკული კურსი თურქეთში Rize Eğitim ve Araştırma Hastanesi - საუნივერსიტეტო კლინიკაში. სტუდენტებმა ინტერესების შესაბამისად გაიღრმავენ კლინიკური უნარები სხვადასხვა მიმართულებით: გადაუდებელი დახმარება, კრიტიკული მედიცინა, ზოგადი ქირურგია, მეან-გინეკოლოგია, ანესთეზია, რეანიმაცია თუ ამბულატორული სამსახური. რეალური ჰოსპიტალური გარემოს პარალელურად, მომავალი ექიმები საქართველოდან გაეცნენ უნივერსიტეტის სიმულაციურ ცენტრს და აქ დანერგილ თანამედროვე სიმულაციურ პროგრამებს, ობიექტური სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდის (OSCE) მიმდინარეობისთვის აღჭურვილ სივრცეებს.
მასპინძელმა უნივერსიტეტმა ქართველი სტუდენტებისათვის არაერთი საინტერესო სასწავლო-სამეცნიერო და კულტურული ღონისძიება დაგეგმა და საინტერესო გახადა პროექტის თითოეული დღე.
აწსუ სტუდენტებს შეხვდა რიზეს რეჯეფ ტაიფ ერდოღანის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი, ჰუსეინ ქარამანი, რომელმაც ისაუბრა ორ უნივერსიტეტს შორის არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და სამომავლო პერსპექტივებზე. უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ სტუდენტები დაასაჩუქრა ექსკურსიით ტრაბზონში.
მომდევნო დღეებში სტუდენტები ეწვივნენ რიზეს გუბერნატორს, ერდოღან ბექტაშის ოფისს და ქალაქის მერს, პროფესორ რეშატ კასაპს.
თითოეული შეხვედრის დროს პარტნიორმა მხარეებმა ისაუბრეს განათლების ყველა სფეროში ურთიერთობების განმტკიცებისა და პროფესიული განვითარებისათვის გამოხატულ მზადყოფნაზე.
კლინიკური პრაქტიკის დასასრულს, საუნივერსიტეტო კლინიკაში გაიმართა სერთიფიკატებით დაჯილდოების ცერემონია, რომელშიც მასპინძლებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს აწსუ წარმომადგენლებმაც.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.