სახელმწიფო პროგრამაში "C ჰეპატიტის მართვა" ჩართული სტუდენტები დააჯილდოვეს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით საქართველო C ჰეპატიტის მაღალი პრევალენტობის ქვეყნებს მიეკუთვნება. დაავადების მაღალი ტვირთი გავლენას ახდენს ქვეყნის სოციალურ და ეკონომიურ მდგომარეობაზე. 2015 წელს საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ამოქმედდა, აღნიშნული მიზნად ისახავს 2020 წლისთვის C ჰეპატიტით ინფიცირებულთა 90% გამოვლენას, ქრონიკული ფორმის მქონეთა 95% მკურნალობაში ჩართვას და შედეგად 95% განკურნებას.

პარალელურად, სახელმწიფოს და გლობალური ფონდის პროგრამებით უზრუნველყოფილია ქვეყნის მოსახლეობის ადრეული გამოვლენა ტუბერკულოზსა და აივ ინფექცია/შიდსზე, ამასთან ერთად, მკურნალობის უნივერსალური ხელმისაწვდომობა. 2018 წლის ოქტომბრიდან დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა და იუსტიციის სახლმა დაიწყო ერთობლივი პროექტი, იუსტიციის სახლში გამოიყო სივრცე, სადაც დაავადებათა კონტროლის თანამშრომლები მუდმივ რეჟიმში ანხორციელებენ C ჰეპატიტის სკრინინგს. სახელმწიფო პროგრამის “ C ჰეპატიტის მართვა" განხორციელებაში აქტიურად არიან ჩართული აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები, ისინი მონაწილეობენ როგორც ბენეფიციართა მოზიდვაში, ასევე სკრინინგის პროცესში, მათ შორის გამორჩეულად აქტიურები დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობამ სტაჟირების კურსებისათვის შეარჩია, რომლის დასრულების შემდეგ სტუდენტები დააჯილდოვეს სიგელებით.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.