აწსუ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტების პრაქტიკა რიზეში

პარტნიორ უნივერსიტეტთან ერთად ერთობლივი პროექტების შემუშავება და განხორციელება ცოდნის და გამოცდილების გაზიარების საუკეთესო საშუალებაა.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და რეჯეფ ტაიფ ერდოღანის უნივერსიტეტს შორის მოქმედი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში უკვე მეორე წელია ხორციელდება აწსუ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტების ზაფხულის კლინიკური პრაქტიკა, აღნიშნული კლინიკური კურსი მიმდინარე წელს დაიგეგმა 18 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით. ჯგუფს ათი სტუდენტის შემადგენლობით ხელმძღვანელობდა კლინიკური მედიცინის დეპარტამენტის სპეციალისტი მაია გიორგაძე. აღნიშნულ კურსში ასევე მონაწილეობდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებიც.
ინტერესების შესაბამისად სტუდენტები პრაქტიკულ უნარებს იღრმავებდნენ სხვადასხვა მიმართულებით: გადაუდებელი დახმარების, კრიტიკული მედიცინისა და ანესთეზიის, ზოგადი ქირურგიის, მეან-გინეკოლოგიის, ნევროლოგიის და ამბულატორული სამსახურის დეპარტამენტებში. რეალური ჰოსპიტალური გარემოს პარალელურად, მომავალი ექიმები გაეცნენ უნივერსიტეტის სიმულაციურ ცენტრს და აქ დანერგილ თანამედროვე სიმულაციურ პროგრამებს, ობიექტური სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდის (OSCE) მიმდინარეობისთვის აღჭურვილ სივრცეებს, სადაც უნივერსიტეტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით ერთი რჩეული სტუდენტი გაივლის დამატებით პრაქტიკის კურსს.
მასპინძელმა უნივერსიტეტმა ქართველი სტუდენტებისათვის არაერთი საინტერესო სასწავლო-სამეცნიერო და კულტურული ღონისძიება დაგეგმა და საინტერესო გახადა პროექტის თითეული დღე. კლინიკური პრაქტიკის დასასრულს, საუნივერსიტეტო კლინიკაში გაიმართა სერთიფიკატებით დაჯილდოების ცერემონია, რომელშიც მასპინძლებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს აწსუ–ს წარმომადგენლებმაც.
სტუდენტებს საზეიმოდ მიმართა რეჯეფ ტაიფ ერდოღანის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა, ჰუსეინ ქარამანმა, რომელმაც ისაუბრა ორ უნივერსიტეტს შორის არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და სამომავლო პერსპექტივებზე.
ცერემონიას ესწრებოდა ტრაბზონში საქართველოს საკონსულოს წარმომადგენელი თემურაზ თათარაშვილი.
სტუდენტებს ასევე საზეიმოდ მიმართა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა ქალბატონმა ირინე ფხაკაძემ და რეჯეფ ტაიფ ერდოღანის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ვიცე დეკანმა ბატონმა ლევენტ ტომკაიმ, სტუდენტები მადლობას უხდიან საინტერესოდ და ნაყოფიერად გატარებული დღეებისთვის ყველა იმ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა ამ კურსის განხორციელებაში, განსაკუთრებით, პროექტის მხარდამჭერებს ტრაბზონის საოჯახო მედიცინის ასოციაციის წევრს ალი ილმაზის და რეჯეფ ტაიფ ერდოღანის უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის დეპარტამენტის პროფესორს ჰარუნ ჩიმქეს.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.