აწსუ პროფესორის ნუგეშა გაგნიძის წიგნების პრეზენტაცია ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე

საყოველთაოდ ცნობილია, რომ 2018 წლის 10-14 ოქტომბერს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა საქართველო. ქართველმა მწერლებმა, მეცნიერებმა, ხელოვნებისა და კულტურის სხვადასხვა წარმომადგენლებმა მსოფლიოს გააცნეს უნიკალური ქართული დამწერლობა, მრავალსაუკუნოვანი ისტორია, ლიტერატურა, კულტურა. გერმანული პრესა და მედია დაწვრილებით და საინტერესოდ აშუქებდა ფესტივალის მოვლენებს.

საქართველოდან წარგზავნილ სტუმართა შორის იმყოფებოდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული ფილოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი ნუგეშა გაგნიძე. მან 13 ოქტომბერს პავილიონში Halle 4.2. ჩაატარა 2 წიგნის პრეზენტაცია: 1. „Einführung in die Georgische Literatur des Kritischen Realismus“ („ქართული კრიტიკული რეალიზმის მოკლე კურსი“). 2. Grigol Robakidse (1880-1962). Ein georgischer Dichter zwischen zwei Sprachen und Kulturen“ („გრიგოლ რობაქიძე (1880-1962), ქართველი მწერალი ორ ენასა და კულტურას შორის“).
„Einführung in die Georgische Literatur des Kritischen Realismus“ დაიწერა სპეციალურად ფრანკფურთის წიგნის ბაზრობისთვის და გამოიცა პოლონეთის უმხვილეს გამომცემლობაში - PWN (Polish Scientific Publishers). წიგნის ავტორები არიან აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფ. ნუგეშა გაგნიძე, ასოც. პროფ. ნათია ნასარიძე და ასოც. პროფ. ირინე შიშინაშვილი. რედაქტორი ნუგეშა გაგნიძე. პროექტი განხორციელდა საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით – განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ.
„Grigol Robakidse (1880-1962). Ein georgischer Dichter zwischen zwei Sprachen und Kulturen“ არის ნუგეშა გაგნიძისა და მარგრეტ შუხარდის ერთობლივი ნაშრომი, რომელიც 2011 წელს გამოიცა გერმანიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამომცემლობაში: „Shaker Verlag“. იგი პირველი სამეცნიერო გერმანულენოვანი ნაშრომია გრიგოლ რობაქიძის შემოქმედებაზე და აქტუალობას არ კარგავს მასში წარმოდგენილი ლიტერატურულ-კრიტიკული საკითხების ღრმა მეცნიერული კვლევისა და იმ დოკუმენტების გამო, რომლებიც წიგნის დანართის სახით პირველად დაიბეჭდა.
პრეზენტაციაზე მყოფ უამრავ სტუმარს შორის იყვნენ ჰაიდელბერგის გიმნაზიის მოსწავლეები, რომლებიც სწავლობენ საგანს „საქართველო“ და მათი მასწავლებლები (2006 წლიდან დღემდე ჰაიდელბერგის ელიზაბეთ ფონ თადენის გიმნაზიასა და ქუთაისის პირველ საჯარო სკოლას შორის პარტნიორული ურთიერთობის ხელმძღვანელია პროოფ. ნუგეშა გაგნიძე), ასევე, ჰაიდელბერგის ანგლისტიკის სემინარის ყოფილი დირექტორი დოქტ. მარგრეტ შუხარდი.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.