აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი 85 წლისაა

საიუბილეო დღეების ფარგლებში, გაიმართა სხვადასხვა ღონისძიებები. აწსუ პროფესორმა იმერი ბასილაძემ საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: „განათლების ტაძარი - აწსუ-85“. სამეცნიერო ბიბლიოთეკამ ყველაზე აქტიური მომხმარებელი სტუდენტები დააჯილდოვა და ძველნაბეჭდი და უნიკალური წიგნების ახალი კოლექციის გამოფენა მოაწყო.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის საჯარო ლექცია „საქართველოს საგარეო პოლიტიკა და მისი პრიორიტეტები“ გაიმართა.
მედიცინის ფაკულტეტის ქართველმა და უცხოელმა სტუდენტებმა   თვითშემოქმედების ინტერნაციონალური საღამო მოაწყვეს.
საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, სასწავლებელს არაერთი ქართველი და უცხოელი სტუმარი ეწვია. თურქეთის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიეტუვას, ირანისა და გერმანიის უნივერსიტეტების წარმომადგენლებს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ღავთაძემ უმასპინძლა.
გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები ლატვიისა და უკრაინის ორ უნივერსიტეტთან, ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ცენტრთან.
ახალ საბიბლიოთეკო კორპუსში, კაუნასის ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, აწსუ რექტორმა გიორგი ღავთაძემ გახსნა ლიეტუვას ენისა და კულტურის ცენტრი.
დასკვნითი საიუბილეო ღონისძიება ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა.  სასწავლებელს 85 წლის იუბილე  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, იმერეთის გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ, ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა გენადი მარგველაშვილმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შერვაშიძემ, კავკასიის უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ შენგელიამ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ვადაჭკორიამ, ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორმა ლელა ქელბაქიანმა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიულოცეს. მინისტრმა უმაღლესი განათლების მიღწევებსა და განსახორციელებელი რეფორმების იმ ძირითად ასპექტებზე ისაუბრა, რომელიც ახლო მომავალში მათივე ჩართულობით განხორციელდება.
საიუბილეო ღონისძიებები აწსუ ფოლკლორული ანსამბლების „ადილასა“ და „კოლხას“ კონცერტით დასრულდა.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.