აწსუ-ს სტუდენტების წარმატება სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენციაზე

16-17 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენცია „ქიმია დღეს და მომავალში“, რომელიც უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. (ვებ გვერდი: icsys-2018.tsu.ge). კონფერენციის ინიციატორები და ორგანიზატორები იყვნენ ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ქიმიური საზოგადოება. (საქართველოს ქიმიური საზოგადოების თავმჯდომარე, თსუ-ს ემერიტუს-პროფესორი ნოდარ ლეკიშვილი). თანაორგანიზატორები: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო მოხსენებები ქიმიის თითქმის ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით, რომელთა ავტორები და თანაავტორები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის (საქართველო, აშშ, რუსეთი, გერმანია, თურქეთი, იტალია, პოლონეთი, უნგრეთი, ესპანეთი, ავსტრალია, პაკისტანი) სტუდენტები და ახალგაზრდა მეცნიერები იყვნენ. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ ქიმიის დარგის ცნობილი მეცნიერები, მონაწილეებს მიესალმა თსუ-ს რექტორი, პროფესორი გიორგი შარვაშიძე.

კონფერენციაზე საინტერესო მოხსენებები წარმოადგინეს „ფარმაცევტული პრეპარატების ტექნოლოგიის“ სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებმა: ქრისტინე კვიმსაძემ და ნელი ახალაიამ, „გარემოს დაცვიის ინჟინერიის და გამოყენებითი ეკოლოგიის“ საბაკალავრო პროგრამის სტუდენტმა ანი ფუტკარაძემ და „მშენებლობის“ საბაკალავრო პროგრამის სტუდენტმა ანდრო მუმლაძემ, რომლებიც კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის მიერ დაჯილდოვდნენ დიპლომებით „საუკეთესო მოხსენებისათვის“. საქართველოს ქიმიური საზოგადოების საპატიო დიპლომით დაჯილდოვდა ქიმიური და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ინგა ბოჭოიძე, წარმატებული სამეცნიერო-პედაგოგიური და ორგანიზაციული საქმიანობისთვის.

fShare
65

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.