აწსუ კურსდამთავრებული - გვანცა კენჭოშვილი

„აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო მმართველობის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე ვსწავლობდი. პოლიტიკა და ადამიანებთან ურთიერთობა ყოველთვის მაინტერესებდა და ეს პროფესიაც სწორედ ამიტომ შევარჩიე.

ახლაც ჩემი ყველაზე დიდი ინტერესის საგანი პოლიტიკაა და ძალიან მიკვირს, როცა ადამიანები ამბობენ რომ აპოლიტიკურები არიან. გასაგებია, შეიძლება ეს პროფესიად არ აქციო, თუმცა, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რა ხდება ქვეყანაში, რადგან პოლიტიკა ყველაზე დიდი დოზით ახდენს გავლენას ჩვენზე.
ვფიქრობ, სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია მოქალაქები დაინტერესებული იყვნენ პოლიტიკით. ასე სახელისუფლებო საქმიანობის კონტროლიც უფრო მაღალი იქნება და შესაბამისად, პოლიტიკოსების გადაწყვეტილებებიც მეტად სასარგებლო.
პოლიტიკით დაინტერესებასთან ერთად, ვფიქრობ სახელმწიფოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია განათლების სისტემურ ცვლილებაზე მიმართოს რესურსი, რადგან სხვაგვარად ქვეყანა ვერ განვითარდება.
მე უნივერსიტეტში სწავლა ძალიან კარგად მახსენდება. სწავლის პარალელურად ყოველთვის ვმუშაობდი, დამოუკიდებლადაც ვიყავი თვითგანვითარებით დაკავებული.
ახლა ააიპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაში კადრების სპეციალისტის პოზიციას ვიკავებ.
მიუხედავად იმისა, რომ უკვე მაგისტრის ხარისხი მაქვს, არ ვფიქრობ, რომ სწვლას მწვერვალი ან დასასრული აქვს. ეს მუდმივი, ცოცხალი პროცესია და მეც ვციდლობ ზრდას, განვითარებასა და წინსვლას.”

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.