გიორგი აბაზაძე აწსუ-ს კურსდამთვრებული

„ბავშობაში „ჟურნალისტობანას” თამაში ჩემი ჰობი იყო, შემდეგ კი პროფესიად იქცა. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2019 წელს დავასრულე მასობრივი კომუნიკაციების მიმართულებით. ჩემი პროფესია ჟურნალისტი, ეს არის ცხოვრების რიტმი, მუდმივი ძიება და განვითარება. ჟურნალისტისთვის არ არის საკმარისი ერთ რომელიმე ეტაპზე მიღებული ცოდნა. უნივერსისტეტში ჩარიცხვის პირველივე დღიდან, ადგილობრივ ტელე-რადიო კომპანია „რიონში“ დავიწყე მუშაობა წამყვანად. ბაკალავრიატის საწყის ეტაპზე, უნივერსიტეტი თეორიულ ცოდნას მაძლევდა, რასაც პრაქტიკაში მიღებულს ვუმატებდი და ასე ერთმანეთზე ვაშენებდი. ვწერდი სტატიებს რეგიონში მოქმედ სააგენტოებზეც. დრომ, გამოცდილება მომცა, უნივერსიტეტმა კი უნივერსალური ცოდნა. მთავარია იმ უნარ-ჩვევების გამოვლენა, რომელიც შენშია, მის რეალიზებაში კი ჭკვიანი ადამიანები გეხმარებიან. ამ შემთხვევაშიც გამიმართლა, ახლაც მახსოვს ის განცდა, როცა მე-2 კურსელს, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მაშინდელმა ხელმძღვანელმა, პირველკურსელების ტუტორობა ჩამაბარა. უნივერსიტეტის მარკეტინგის, პროექტებისა და ღონისძიებების მართვის სამსახურში კი, სტაჟიორად ამიყვანეს. ყველა პროექტში, სადაც ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებმა მონაწილეობა მივიღეთ, წარმატებები და აღიარება მოვიპოვეთ.

განვითარების პროცესი და მიზნისკენ სწრაფვა არასდროს შემიჩერებია, 19 წლის ასაკში საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მოვხვდი. კონკურსიდან მალევე, ახალი ამბების წამყვანი გავხდი. კეთილმა ადამიანებმა მაშინ ჩემი პოტენციალი დაინახეს და განვითარების შესაძლებლობა მომცეს. სწავლას და მუშაობას 2 ქალაქში ერთდროულად ვუთავსებდი.
ახალგაზრდებმა პროფესიის არჩევისას ზუსტად უნდა იცოდნენ, რა სურთ, რატომ და რამდენად სწორად. პროფესია მხოლოდ შეძენილი უნარები არ არის, ეს ემოციაა, რისთვისაც აუცილებელია რისკი. სწავლის დაწყების პირველ დღეს ლექტორმა გია ქობალიანმა გვითხრა: „სტუდენტურ ცხოვრებას ქმნით თქვენ, ისე უნდა მოახერხოთ, რომ თავად გახადოთ თქვენი აქ ყოფნა საინტერესო“.
მშობლიურ უნივერსიტეტს შემდეგ, როგორც პრაქტიკოსი, თანამშრომლის სტატუსით დავუბრუნდი. აქ, ახლა პროფესიული განათლების მისაღებად მოსულებს ვუტარებ ლექციებს. პარელალელურად, სწავლას ვაგრძელებ მაგისტრატურაში.“

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.