ლაშა ბერეკაშვილი – აწსუ კურსდამთავრებული

ლაშა ბერეკაშვილი – გიდი

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გეოგრაფია-ტურიზმის სპეციალობაზე ვსწავლობდი. პროფესიული არჩევანი მშობლების რჩევით გავაკეთე და მოგვიანებით, განათლების მიღების პროცესში გავაცნობიერე, რომ ეს სწორი არჩევანი იყო. სწავლა საინტერესო განსაკუთრებით მე-2 კურსიდან გახდა, როცა უკვე პრაქტიკებზე დავიწყე სიარული. კარვებით ვმოგზაურობდით საქართველოს სხვადასხვა მხარეში და გამოცდილებაზე დაფუძნებულ ცოდნას ვიღებდი. მთელი საქართველო სწორედ ამ გზით, სტუდენტობის დროს მაქვს მოვლილი და შესწავლილი. დაახლოვებით, 10 წლით ადრე მაინც აღმოვაჩინე ის ტურისტული ადგილები, რომლებიც მოგვიანებით გახდა პოპულარული. თუმცა, უნივერსიტეტში სწავლის დროს ამ ტურისტული ადგილების შესწავლისას ობიექტებს ისე არ ვაფასებდი, როგორც ტურისტულ პროდუქტს, რომელსაც ვინმე იყიდდა. ეგ კი არა, ტურისტი რომ არსებობდა საერთოდ, ამის შესახებ მხოლოდ წიგნებიდან ვიცოდი. ცოცხალი ტურისტი პირველად თურქეთში ვნახე, როცა 3 თვიანი პროგრამით წავედი სასტუმროს სხვადასხვა სერვისში პრაქტიკის მისაღებად. თურქეთიდან დაბრუნების შემდეგ ერთ-ერთ ტურისტულ კომპანიაში დავსაქმდი. თავდაპირველად შიდა ტურიზმზე დავიწყე მუშაობა. მე ძირითადად მარშრუტებს ვგეგმავდი, კომპანია კი ამას ფუთავდა და ყიდდა. 6 წელი ვიმუშავე. 2015 წელს კი საკუთარი ტურისტული კომპანია – თრეველ თუ ჯორჯია დავაფუძნე. ვთანამშრომლობდი ფონდ „სოხუმთან“ დევნილი ბავშვებისთვის ექსკუსიებს ვგეგმავდი და ვმართავდი. მოგვიანებით, სომხეთში, მსოფლიო გიდების ასოციაციის ტრენინგებში მივიღე მონაწილეობა და საერთაშორისო აღიარებაც მოვიპოვე. მსოფლიო გიდების ასოციაციის წევრი გიდი და გიდების სერტიფიცირებული ტრენერი გავხდი. გადავწყვიტე ჩემი ცოდნა და გამოცდილება სხვებისთვისაც გამეზიარებინა და დავაფუძნე გიდების სკოლა. უკვე მესამე ჯგუფი ასრულებს ამ კურსს. პროგრამა მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების მიხედვით მაქვს დაგეგმილი და თეორიულ ცოდნასთან ერთად გიდობისთვის საჭირო ტექნიკური უნარ-ჩვევების შეძენაზეა ორიენტირებული. მოკლედ, რაც ჩემზეა დამოკიდებული ყველაფერს ვაკეთებ, რომ ტურისტმა ქუთაისი მხოლოდ სატრანზიტოდ კი არ გაიაროს, არამედ მინდა ჩვენი ტურისტული სანახაობები ისეთი პოპულარული გავხადო, რომ მას წინასწარ დაგეგმილი ტურებით ესტუმრონ.
მომავალში ტურისტული მარშრუტების გაციფრულებას ვგეგმავ, ასე შეიძლება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების ნიშნით ქუთაისი და იმერეთი ერთ-ერთ მოწინავე ტურისტულ ცენტრად იქცეს. ტურიზმის სფეროში ტექნოლოგიების უფრო აქტიური გამოყენება გარდაუვალია. ამიტომ, სჯობს დროულად ადავპტირდეთ. თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში გვაქვს ტურიზმის ცენტრი, ასევე ქუთაისში არის იმერეთის DMO (ტურისტული ადგილის მართვის ორგანიზაცია). რადგან ეს ცენტრები მუშაობენ, ვფიქრობ მათი პასუხისმგებლობაა შექმნან ასეთი ელექტრონული მარშრუტები და მოამზადონ ტურისტული აპლიკაციები.
ტურზიმის სფეროს განსავითარებლად უფრო აქტიური მუშაობა გვჭირდება, მეტი პრაქტიკა და ბევრი უცხოელი მენტორი, რათა სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება გაგვიზიარონ. შეუძლებელია, მაგალითად ქუთაისი იტალიაში, გერმანიასა და ტოკიოში ერთნაირად წარადგინო, რადგან კულტურისა და საზოგადოებების მიხედვით მომხმარებლებს განსხვავებული მოთხოვნები, ღირებულებები და სურვილები აქვთ.
საერთოდ იდეა მქონდა, უცხოეთში მყოფი ქართველი სტუდენტები ჩამერთო ქვეყნის პოპულარიზაციაში, რადგან შეიძლება საქართველოდანაც მომზადებული წახვიდე, მაგრამ იქ ადგილზე მაცხოვრებლები უკეთ იცნობენ ბუნებრივ გარემოს.
სიამოვნებით გავუზიარებ სტუდენტებს საკუთარ გამოცდილებას და გავაცნობ ბაზრის მოთხოვნებს, თუ რაზე გაამახვილონ ყურადღება, რა ისწვალონ განსაკუთრებით კარგად და რა საერთოდ არა. ისე კი, კარგი იქნებოდა, მოსწავლეებს სკოლებში ესაუბრებოდნენ პროფესიების შესახებ, რათა სწორი არჩევანი გააკეთონ მომავალში.
ვფიქრობ, ყველა უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს განვითარებაში. რადგან ჩვენ ერთი საზოგადოების წევრები ვართ და ერთმანეთზე ზემოვქმედებთ. თუ ჩემი მეზობელი კარგად იქნება, მეც არაფერი გამიჭირდება. რაც უფრო მეტად განვითარდება საზოგადოება, მით უფრო სწრაფად გაძლიერდება ეკონომიკა და ეს თანაბრად სასარგებლოა ყველასთვის.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.