ნოდარ მაღლაფერიძე – აწსუ-ს კურსდამთვრებული

ნოდარ მაღლაფერიძე – საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი.

„ახლა ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში, სახელმწიფო პროგრამების კოორდინატორის პოზიციაზე ვმუშაობ. ასევე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ქუთაისის უნივერსიტეტში ლექციებს ვკითხულობ. სტუდენტებს საზოგადოებრივ ჯანდაცვას, ბიო ეთიკასა და ჰოსპიტალურ მენეჯმენტს ვასწავლი.

უნივერსიტეტში სწავლა ძალიან კარგად მახსენდება. ეს იყო, საინტერესო და სახალისო ექვსწლიანი მოგზაურობა, რომლის დროსაც, პროფესიულ ცოდნასთან ერთად მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გამოცდილება შევიძინე, რასაც ახლა ჩემს ყოველდღიურ საქმიანობაში ვიყენებ. ჯერ კიდევ სტუდენტობისას მქონდა გადაწყვეტილი რომ აკადემიური საქმიანობა გამეგრძელებინა. ვასწავლი ახალგაზრდებს და ვციდლობ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემისკენ რაც შეიძლება მეტი გადმოვიბირო 🙂 საგანმანათლებლო პროცესში მონაწილეობა ძალიან საინტერესოა. გარდა იმისა, რომ იმ ცოდნასა და გამოცდილებას ვავრცელებ, რაც მაქვს, მეც გამუდმებით ვიზრდები პროფესიულად. ძალიან ცოცხალი პროცესია.

პროფესიული არჩევანი, „ჩემი შვილისშვილი დოხტური უნდა გამოვიდეს“_ო პრინციპით გავაკეთე. ოჯახის წევრებთან მრავალთვიანი მოლაპარაკებების შედეგად მივედი კონსესუსამდე. ეს ხუმრობით, ისე კი ბავშვობაში ყოველთვის მქონდა ადამიანების ამ გზით დახმარების სურვილი.

ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა აკეთებენ პროფესიულ არჩევანს, ვურჩევ, იმ მიმართულებით წავიდნენ, რომელიც მათ მოსწონთ და აინტერესებთ. როცა იმას აკეთებ რაც გიყვარს, ბევრად უფრო ხარისხიანად გამოდის საქმე. სტუდენტებს კი ვურჩევ, დააფასონ დრო. გაიღონ მაქსიმუმი ცოდნის მისაღებად, რათა მომავალში არ დაეხარჯოთ რესურსი, იმაზე რისი სწავლაც დღეს შეუძლიათ. ძალიან კარგი იქნება, თუ უნივერსიტეტი საერთაშორისო პროექტების მასშტაბების გაზრდაზე კიდევ უფრო აქტიურად იმუშავებს. ეს ხელს შეუწყობს, როგორც სტუდენტების, ასევე აკადემიური პერსონალის განვითარებას.“

-როგორც იცით, ახლა პანდემიაა და ნოდარი აქტიურადაა ჩართული ამ გამოწვევასთან ბრძოლაში. როგორც ის გვიყვება, ვიდრე ინფიცირების შემთხვევა საქართველოში დაფიქსირდებოდა ბევრად ადრე დაიწყეს მზადება, რადგან იცოდნენ, ვირუსის საქართველოში გავრცელება გარდაუვალი იყო. სწორედ ამ მზაობისა და პრევენციული ღონისძიებების დროული გატარების წყალობითაა, რომ საქართველო წარმატებით უმკლავდება პანდემიასთან ბრძოლას, რასაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და საერთაშორისო საზოგადოებაც აღნიშნავს.

„ძალიან უჩვეულო გარემოსა და პირობებში მიწევს მუშაობა. პრაქტიკულად 24 საათიან რეჟიმში. მე დასავლეთ საქართველოში ვუწევ საკარანტინო ზონების საქმიანობას კოორდინირებას. ჯამში, 5 ასეთი ზონა გვაქვს. ყოველდღიურად ვაკონტროლებ კარანტინში მყოფი ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობას. შსს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, ტურიზმის ცენტრი, გადაუდებელი დახმარების სამსახური… სახელმწიფოს სხვადასხვა ინსტიტუცია ერთობლივად მუშაობს ვირსუს გავრცელებისა და ზიანის შემცირებისთვის. ვფიქრობ, ეს კოორდინირებულად მუშაობა სახელმწიფოს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ძალიან მოქნილსა და ეფექტურს ხდის. თუმცა, ამან მოსახლეობას დამშვიდებისა და გათამამების საშუალება არ უნდა მისცეს. ამ პროცესებში ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების მხარდაჭერა, ამის გარეშე მხოლოდ სამედიცინო სფეროსთვის შეუძლებელი იქნება პანდემიასთან გამკლავება. ჩათვალეთ, რომ თითოეული მოქალაქე შეიძლება იყოს ეზუგბაია, იმნაძე, გამყრელიძე, ცერცვაძე… თუ ითვალისწინებს რეკომენდაციებს, რჩება სახლში და იცავს სოციალური დისტანციისა და ჰიგიენის ნორმებს.

პანდემია გლობალური პრობლემაა და ასევე გლობალურად მუშაობს სამყარო მის წინააღმდეგ. ვიმედოვნებ, მეცნიერები ვაქცინას მალე შექმნიან, ჩვენი თანამოქალაქეები კი სამედიცინო სფეროს რეკომენდაციებს დაიცავენ და ამ უხილავ მტერთან ბრძოლაში ნაკლები დანაკარგით გამოვალთ.”

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.