კიდევ ერთი საინტერესო შესაძლებლობა აწსუ სტუდენტებისათვის ენების შემსწავლელი ცენტრის ჩართულობით: პროექტი „სამოქალაქო განათლება და ტექნოლოგიები ინგლისური ენის გამოყენებით“

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი უკვე ორი წლის მანძილზე ჩართულია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ დაფინანსებულ პროექტში „სამოქალაქო განათლება და ტექნოლოგიები ინგლისური ენის გამოყენებით“, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია PH Internaitonal. გასულ სასწავლო წელს, პირისპირ ფორმატით ჩატარებულ ტრენინგებს ქალაქ ქუთაისში სწორედ ჩვენი უნივერსიტეტი მასპინძლობდა. ამჯერად, პროცესმა ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა და ამ ფორმატითაც წარმატებით ჩატარდა მიმდინარე წელს დაგეგმილი აქტივობები. პროგრამაში ქ. ქუთაისის 12 საჯარო სკოლასთან ერთად ჩართული იყვნენ ჩვენი უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის თანამშრომლები და უნივერსიტეტის სტუდენტები. კერძოდ, ინგლისური ენისა და ლიტერატურის სამაგისტრო პროგრამისა და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის 12 სტუდენტი. საერთო ჯამში, ამ ორი წლის მანძილზე 24 სტუდენტი გადამზადდა. პროგრამა მიზნად ისახავს შესაბამის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით და სხვადასხვა თანამედროვე ელ. სასწავლო რესურსის გამოყენებით თანამშრომლობითი სწავლების მოდელის გაცნობას და დანერგვას. პროგრამა მნიშვნელოვან გამოცდილებას სძენს როგორც კვალიფიციურ პედაგოგებს, ისე დამწყები პროფესიული კომპეტენციის მქონე სტუდენტებს.

პროგრამა „სამოქალაქო განათლება და ტექნოლოგიები ინგლისური ენის გამოყენებით II“, რომელიც გასულ სასწავლო წელს განხორციელდა, მოიცავდა 5 მოდულს, ხოლო მიმდინარე სასწავლო წელს - 7 მოდულ-ტრენინგი ჩატარდა პროგრამის „სამოქალაქო განათლება და ტექნოლოგიები ინგლისური ენის გამოყენებით III“ ფარგლებში. კურსის ფორმატი გულისხმობდა ყოველი ტრენინგ-მოდულის შემდეგ შესაბამისი მეთოდოლოგიით საჩვენებელი გაკვეთილების ჩატარებას, რომელსაც აკვირდებოდნენ პროგრამის კვალიფიციური ტრენერები და ინსტრუქტორები. უნივერსიტეტის სტუდენტები მიმაგრებულნი იყვნენ კონკრეტული სკოლის მასწავლებლების ტრიადას, ერთობლივად გეგმავდნენ და ატარებდნენ ინტეგრირებულ გაკვეთილებს. შესაბამისად, მონაწილეებმა თეორიულ ცოდნასთან ერთად შეიძინეს უაღრესად ღირებული პრაქტიკული გამოცდილება და ამავდროულად, დასაჩუქრდნენ Samsung-ის ფირმის პლანშეტური კომპიუტერებით. ინტენსიური პროგრამის ბოლოს კურსდამთავრებულებს გადაეცათ სერთიფიკატები.
პროექტი დასრულდა შემაჯამებელი კონფერენციით, რომელზე გაშუქებული საკმაოდ მრავალფეროვანი თემატიკა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს პროგრამის მნიშვნელობას და ინოვაციურ როლს ქვეყნის მასშტაბით სწავლა-სწავლების განვითარების კუთხით.