ინფორმაცია სოციალური პროგრამების შესახებ

საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროში მოქმედებს სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების სოციალური პროგრამა, რომელსაც ყოველი სასწავლო წლისთვის, სამინისტროს წარდგინებით, განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. 2021 წლის 27 აგვისტოს №435 დადგენილებით განისაზღვრა "უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში იმ სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობა და პირობები რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე".

აღნიშნული მთავრობის დადგენილება ითვალისწინებს გარკვეული კატეგორიის სტუდენტების: მაღალმთიანი სოფლის სტატუსის მქონე სკოლის კურსდამთავრებულების; ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირების; აზერბაიჯანულენოვანი/სომხურენოვანი სკოლის კურსდამთავრებულების; ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლის სკოლადამთავრებულების; ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპულთა და მკვეთრად/მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანების ან მათი შვილების; ობოლი (უდედმამო); მრავალშვილიანი (ოთხი და მეტი შვილით); სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი; შეზღუდული შესაძლებლობის; აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე პირების და სოციალურად დაუცველი (ოჯახის სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70000-ზე) - დაფინანსებას სახელმწიფო სასწავლო გრანტით. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით, განაცხადები მიიღება მხოლოდ ონლაინ რეჟიმში 2021 წლის 10 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის 18:00 საათამდე http://socreg.mes.gov.ge პორტალზე რეგისტრაციით.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ დადგენილება სრულად.