ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

დეკემბრის დასაწყისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და რიზეს რეჯეფ ტაიფ ერდოღანის უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოაწერეს რექტორებმა პროფესორმა გიორგი ღავთაძემ და პროფესორმა ჰუსეინ ქარამანმა. ამით ორ უმაღლეს სასწავლებელს შორის არსებული ურთიერთობა სრულიად ახალ საფეხურზე ავიდა.
მემორანდუმის ფარგლებში დაიგეგმა როგორც სასწავლო-სამეცნიერო, ისე კულტურული ღონისძიებები, რაც გულისხმობს „მევლანას“ პროგრამის გაფართოებას, პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა გაცვლას, საზაფხულო სკოლაში სტუდენტთა მიღებას, სამედიცინო სფეროში მომავალ მედიკოსთა სასწავლო პრაქტიკის უზრუნველყოფასა სხვ. მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამების ინტერნაციონალიზაციის გაღრმავება, ამასთანავე, ხელს შეუწყობს ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელებას შავი ზღვის აუზის ქვეყნების ჯანდაცვის აქტუალური პრობლემატიკის შესახებ, რაც პარტნიორი უნივერსიტეტების საერთო ინტერესის საგანს წარმოადგენს.
ვიზიტის დროს აღინიშნა რიზეს რეჯეფ ტაიფ ერდოღანის უნივერსიტეტში არსებული ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის შესახებ, რომელზეც თურქეთის სხვადასხვა რეგიონიდან I-II კურსის სტუდენტები ეუფლებიან ქართულ ენას, ლიტერატურას, ეცნობიან ქართული კულტურისა და ისტორიის საკითხებს.
ორ უნივერსიტეტს შორის მემორანდუმის გაფორმება უფრო მეტად განავითარებს და გააღრმავებს თურქეთ-საქართველოს კეთილმეზობლური ურთიერთობებს.

 

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.