საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის ისტორია

ქუთაისში პოლიტექნიკურ ინსტიტუტს ოფიციალური სტატუსი 1973 წლის 23 სექტემბერს მიენიჭა და იგი 1974 წლის 1 სექტემბერს გაიხსნა. ინსტიტუტის პირველი  რექტორი იყო ნოდარ ვალიშვილი.  სასწავლებელს 1977 წელს აკადემიკოს ნიკო მუსხელიშვილის სახელი მიენიჭა. 1992 წლის 21 სექტემბერს ქუთაისის ნ.მუსხელიშვილის სახელობის პოლიტექნიკურ ინსტიტუტს უნივერსიტეტის სტატუსი მიენიჭა და იგი ქუთაისის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტად იწოდებოდა.
 საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 თებერვლის №39 დადგენილების თანახმად განხორციელდა საჯარო სამართლის იურიდიული პირების - ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქუთაისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის რეორგანიზაცია მათი გაერთიანების გზით. საგანმანათლებლო დაწესებულებას სტატუსად განესაზღვრა უნივერსიტეტი და ეწოდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტი ჩამოყალიბდა ქუთაისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნიკური მიმართულების ფაკულტეტების ბაზაზე. წლების განმავლობაში ჯერ ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის და შემდეგ ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტის სივრცეში სასწავლო და სამეცნიერო მუშაობას ახორციელებდა მრავალი ტექნიკური მიმართულების ფაკულტეტი თუ კათედრა. რეორგანიზაციის მომენტისათვის საინჟინრო ტექნიკური ფაკულტეტის ბირთვი შედგენილი იქნა ქუთაისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის შემდეგი ერთეულებით: კიბერნეტიკის ფაკულტეტის გამოყენებითი მექანიკის კათედრა; ავტოსაგზაო ფაკულტეტი; საინჟინრო მექანიკის ფაკულტეტი; ელექტროტექნიკური ფაკულტეტი; სატრანსპორტო ფაკულტეტი. აღნიშნული ერთეულების გამოცდილი სამეცნიერო-პედაგოგიური კადრები დღეისათვის მოღვაწეობას განაგრძობენ ფაკულტეტის სამ დეპარტამენტში: მშენებლობისა და ტრანსპორტის; მექანიკა-მანქანათმშენებლობის; ელექტრული ინჟინერიისა და ტელეკომუნიკაციის.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.