სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული 2018

2018 წლის 11-14 აპრილს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა საქართველოს სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული, რომლის ფარგლებშიც გაიმართა საინტერესო ღონისძიებები:

11 აპრილი:
კარნახი – ქართულ ენაში მომზადების   პროგრამის   არაქართულენოვანი   სტუდენტებისთვის (პროექტის „მე მიყვარს ქართული – ჩემი სახელმწიფო ენა“ ხელმძღვანელი პროფ. მარიამ მანჯგალაძე, თბილისი). ტექსტი კარნახისათვის საგანგებოდ შექმნა მწერალმა დათო ტურაშვლმა. ღონისძიება პარალელურად მიმდინარეობდა საქართველოს 9 უნივერსიტეტში. ყველა მონაწილე დაჯილდოვდა სერტიფიკატებით. თბილისში ჟიურის მიერ გამოვლენილ 12 გამარჯვებულს შორის „ნომინაციაში საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის რჩეული“ მოხვდა ნოვრუზ გუსეინოვი, რომელსაც ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ გადასცა სერტიფიკატი და წიგნები.
ტრადიციული კონკურსი კონკურსი „ვინ უკეთ წერს“ (თემა: „ენა – სული ადამიანისა, სახე ღვთისა“) – გამარჯვებულები: I ადგილი – ნინო გურგენიძე (ქართული ენა და ლიტერატურა, III კურსი); II ადგილი – თამარ ასათიანი (ქართული ენა და ლიტერატურა, III კურსი); III ადგილი – მიხეილ აბულაძე (ქართველური ენათმეცნიერება, მაგისტრატურა, II კურსი) დაჯილდოვდნენ პრიზებით.

12 აპრილი:
ქუთაისის  მოსწავლე-ახალგაზრდობის   სასახლის ქართული ენის ნორმათა შემსწავლელი წრის (ხელმძღვანელი ნარგიზ ჩეჩელაშვილი) კონფერენცია – მონაწილეობდა 14 მოსწავლე, რომელთაც გადაეცათ სერტიფიკატები.

ვიქტორინა „თუ დაივიწყე ენა ქართული!..“ – გამარჯვებული გუნდები: I ადგილი – გუნდი „უბრჯგუ“ (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ქართული ენა და ლიტერატურა); II ადგილი – გუნდი „ქერუბიმი“ (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ქართველური ენათმეცნიერება, ქართული ლიტერატურა, მაგისტრატურა); III ადგილი – გუნდი „ინტეგრალი“ (აწსუ სხვადასხვა ფაკულტეტი).

13-14 აპრილი:
ტრადიციული აქცია – სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილი „ბუკლეტების“ დარიგება უნივერსიტეტისა და ქალაქის მასშტაბით, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის პირველკურსელები.

 „ვეფხისტყაოსნის“ საჯარო კითხვა – ქუთაისის საზოგადოებრიობის წარმომადგენლებთან, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან და ქართველ სტუდენტებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს აწსუ უცხოელმა და თურქეთიდან სტუმრად ჩამოსულმა სტუდენტებმა.

სტუდენტთა II საუნივერსიტეტთაშორისო კონფერენცია ქართულ ენაში – კონფერენციაში მონაწილეობდა 32 სტუდენტი საქართველოს 6 და თურქეთის 2 ქალაქიდან, მათ შორის: ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. კონფერენციაზე მოხსენებებით წარსდგნენ, აგრეთვე, რიზეს რეჯეფ ტაიფ ერდოღანის უნივერსიტეტისა (თურქეთი) და დუზჯეს უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის სტუდენტები. ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატები და წიგნები.

გამოფენა – უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკის სამუზეუმო მიმართულების მიერ მოეწყო ქართული ენის კათედრის ფუძემდებლების საარქივო ფოტო-დოკუმენტური მასალების გამოფენა. წარმოდგენილი იყო აკაკი შანიძის, არნოლდ ჩიქობავას, ვარლამ თოფურიას, გიორგი ახვლედიანისა და სხვა მეცნიერთა ფოტოები და  მათი უნიკალური ხელნაწერები; უნივერსიტეტის ფოიეში გამოფენილი იყო პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა კალიგრაფიული ნამუშევრები და ხელნაკეთი ნივთები.

14 აპრილს მოეწყო ექსკურსია კონფერენციის მონაწილეთათვის  – სტუმრებმა მოინახულეს გელათისა და მოწამეთას ტაძრები.