უნივერსიტეტის ისტორია

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქვეყნის ერთ-ერთი უძველესი უმაღლესი სასწავლებელია. ფაქტობრივად, ის ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წიაღში იშვა. 1933 წლის 8 იანვარს საქართველოს სსრ ცენტრალური აღმასრულებული კომიტეტისა და სახალხო კომისართა საბჭოს  დადგენილებით აღდგენილ იქნა ორიოდე წლით ადრე რეორგანიზებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მის ბაზაზე შექმნილი სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი კი ქუთაისში იქნა გადმოყვანილი და ამავე წლის 13 თებერვლიდან აქ განაგრძო ფუნქციონირება.  იგი 1933-1990 წლებში ალექსანდრე წულუკიძის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის სტატუსით არსებობდა. ინსტიტუტმა ქალაქის ცენტრში დაიდო ბინა, შენობაში, სადაც თავდაპირველად რეალური სასწავლებელი იყო განთავსებული. პირველ სასწავლო წელს (1933წ.) ქუთაისში დაფუძნებული პედინსტიტუტის პირველ და მეორე კურსებზე თბილისიდან ჩვენს ქალაქში გადმოსული 700- მდე სტუდენტი სწავლობდა. მათთან ერთად ქუთაისში სამუშაოდ გადმოვიდნენ მათი პროფესორ-მასწავლებლებიც. სხვადასხვა წლებში  უნივერსიტეტში წარმატებით მოღვაწეობდნენ და ლექციებს კითხულობდნენ: გიორგი ახვლედიანი (1887-1973), ალექსანდრე ბარამიძე (1902-1994), კოტე ბაქრაძე (1898-1970), ივანე   ბერიტაშვილი (1884-1974), ნიკო ბერძენიშვილი (1894-1965), ანგია ბოჭორიშვილი (1902-1982), ლევან გოკიელი (1901-1975), ვარლამ თოფურია (1900-1966), ივანე კაჭარავა (1894-1977), კორნელი კეკელიძე (1879-1962), ნიკო კეცხოველი (1897-1982),  მათე მირიანაშვილი (1906-1975) , შალვა ნუცუბიძე (1888-1969), მიხეილ საბაშვილი (1900-1979), დიმიტრი უზნაძე (1886-1950), ალექსანდრე ფრანგიშვილი (1907-1989), სიმონ ყაუხჩიშვილი (1895-1981), აკაკი შანიძე (1887-1987), ვასილ ჩანტლაძე (1904 -1995), არნოლდ ჩიქობავა (1898-1985), და სხვ.
1990 წელს უმაღლესი სასწავლებელი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტად გარდაიქმნა, რაც ლოგიკური დაგვირგვინება იყო იმ დიდი საქმიანობისა, რომელსაც ეს ინსტიტუტი წარმატებით ეწეოდა.   
1968 წელს ქუთაისში გახსნილი მსუბუქი მრეწველობის ფაკულტეტის ბაზაზე 1974 წლის 1 სექტემბერს ოფიციალურად დაიწყო ფუნქციონირება ქუთაისის პოლიტექნიკურმა ინსტიტუტმა, რომელსაც 1977 წელს აკადემიკოს ნიკო მუსხელიშვილის სახელი მიენიჭა. 1992 წელს უმაღლესმა სასწავლებელმა უნივერსიტეტის სტატუსი მიიღო.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 თებერვლის №39 დადგენილების თანახმად, განხორციელდა საჯარო სამართლის იურიდიული პირების - ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქუთაისის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის რეორგანიზაცია მათი გაერთიანების  გზით. საგანმანათლებლო დაწესებულებას სტატუსად განესაზღვრა უნივერსიტეტი და ეწოდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 16 ნოემბრის დადგენილებით   აწსუ აგრარული ფაკულტეტის სახით განაგრძო არსებობა სუბტროპიკული მეურნეობის სოხუმის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა, რომელიც 1952 წელს  საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტიდან გამოყოფის შედეგად ჩამოყალიბდა, როგორც  ქუთაისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი, საქართველოს მთავრობის 1959 წლის 11 აპრილის დადგენილებით კი გადატანილ იქნა ქალაქ სოხუმში. 1993 წელს აფხაზეთში დატრიალებული  ტრაგედიის გამო უმაღლესი სასწავლებელი კვლავ ქუთაისში ბრუნდება. 2003 წელს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით  ინსტიტუტი უნივერსიტეტად გარდაიქმნა.
დღეს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი  აერთიანებს ყველა იმ საუკეთესო ტრადიციას სამ უნივერსიტეტში ცალ-ცალკე რომ  ყალიბდებოდა. ამჟამად იგი დასავლეთ საქართველოს ყველაზე მრავალპროფილიანი, მძლავრი  და სწარაფად პროგრესირებადი   უმაღლესი სკოლაა, რომელსაც სასწავლო კადრების მომზადების,  სამეცნიერო პოტენციალის მაღალი დონისა და მოწინავე ქვეყნების სამეცნიერო სასწავლებლებთან დამყარებული ფართო კავშირების შედეგად საყოველთაო აღიარება აქვს მოპოვებული და ღირსეული ადგილი უჭირავს ქართველი ერის კულტურულ-საგანმანათლებლო და ინტელექტუალურ ცხოვრებაში.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.